ახმეტის LAG-ის აღმასრულებელი საბჭო იწყებს მუშაობას ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე (LDS) მიმდინარე წლის

მიმდინარე წლის 17-18 თებერვალს, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ახლად არჩეული აღმასრულებელი საბჭოს პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტის - „ახმეტის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება, მუნიციპალიტეტში სტრატეგიული სფეროების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიღწევად ხედვაზე შეთანხმების გზით. შემუშავებული ხედვა და სტრატეგიული მიმართულებები წარდგენილი იქნება LAG-ის  გენერალურ ასამბლეასთან მათი შენიშვნებისთვის და საბოლოოდ დამტკიცებისთვის.

ორდღიან სამუშაო შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა საერთაშორისო ექსპერტი  თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომებზე  (LEADER-Community-Led Local Development (CLLD) approach), ლინა გუმბრიავიჩინე ლიეტუვადან. ლინა თავიდანვე იყო ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში და  ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა LAG-ის  წევრებისგან.  მისი ხელმძღვანელობით, საბჭოს წევრები აქტიურად ჩაერთვნენ დებატებში რეგიონის SWOT ანალიზის შესამუშავებლად  საჭიროებების,  შესაძლებლობებსა და პრობლემების გამოვლენისთვის.  აქტიური დებატების, ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციების შედეგად  საბჭოს წევრებმა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო გამოავლინეს: აგრარულ სექტორში ინვესტირება; მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება და მხარდაჭერა (ტურიზმის ჩათვლით); და სოციალური სერვისების გაუმჯობესება.

ENPARD-ის პროექტი მიზნად ისახავს თემის აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი განვითარების დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რათა ხელი შეუწყოს ცხოვრების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ახმეტის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობით, ახმეტის LAG-ის  წევრები უშუალოდ არიან ჩართულნი პლატფორმის დაფუძნებაში, რომელიც მოემსახურება ცვლილებებს მათ რეგიონში.

აღმასრულებელი საბჭოს ახალგაზრდა წევრი, 30 წლის აქტივისტი და სკოლის მასწავლებელი ლუიზა მუტოშვილი, მონაწილეებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სტრატეგიულ დაგეგმარებაში, რომელიც მან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობისას მიიღო. ორგანიზაცია ახორციელებდა ახალგაზრდულ პროექტებს, ასევე მუშაობდა  უმცირესობების ინტეგრაციაზე და სამოქალაქო ჩართულობაზე. ლუიზა განვითარების მთავარ დაბრკოლებლად დაგეგმარებისა და კოორდინაციის ნაკლებობას მიიჩნევს. „ჩვენ ბევრი რესურსი გვაქვს, თუმცა მათ სათანადოდ ვერ ვიყენებთ... არ გაგვაჩნია გეგმა და სტრატეგია როგორ განვავითაროთ მუნიციპალიტეტი, ჩვენი საზოგადოება და მცირე ბიზნესი. პოზიტიური ცვლილებებისთვის კოორდინაცია გადამწყვეტია“. ლუიზა LAG-ს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორების, მათ შორის მუნიციპალიტეტის,  ჩართულობას ხედავს როგორც „ წამყვანს თანამშრომლობის კულტურის შექმნაში და ეს მნიშვნელოვანია პოზიტიური მიმართულების უზრუნველსაყოფად“.

 გიორგი ალბუტაშვილი, 37 წლის, ახმეტის მერის წარმომადგენელი საკობიანოს თემში (რომელიც მოიცავს 7 სოფელს) და რომელიც იურისტად მუშაობდა თბილისის სასამართლოში, უდიდეს პოტენციალს ხედავს ამ პროექტის მონაწილეებში. “ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები ღარიბ სოფლებში ცალკეული პირების, ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობის შექმნით. ჩვენი რეგიონის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და  მულტიკულტურული საზოგადოების უნიკალური ტრადიციების დაბრუნებით და მხარდაჭერით“- განაცხადა მან. „კარგი და მოტივირებული ადამიანებით, ჩვენი ტრადიციებისა და ერთმანეთის იდეების პატივისცემით დიდი საქმეების კეთებაა შესაძლებელი“.

აღმასრულებელი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, მიხეილ ღანიშაშვილი, 55 წლის მწერალი და პოეტი (ნათარგმნია 10 წიგნი, 7 ენაზე) მონაცვლეობით ცხოვრობდა თბილისსა და მშობლიურ ილტოს ხეობაში, თუმცა ამჟამად დაფუძნდა მშობლიურ მხარეში. LAG-ზე და ზოგადად პროექტზე საუბრისას ის აღნიშნავს: “ ძალიან კარგი პროექტია, რადგან ვხედავ რომ LAG-ი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახდენს, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არიან ოფიციალური უწყების, როგორიც მუნიციპალიტეტია, წარმომადგენლები, ეს არის ეგრეთ წოდებული ქვემოდან- ზევით (bottom-up) მიდგომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია...ეს დემოკრატიულიცაა და რაც მთავარია, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან პრობლემების შესახებ, ისინი სახავენ პრიორიტეტებს და პროექტებს ორგანიზებას უწევენ სოფლების საკეთილდღეოდ...“.

ნაზო გაურგაშვილისთვის, რომელიც 60 წლის ქალბატონია პანკისის ხეობიდან, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ძირითადი სოციალური სერვისების მიწოდებაზე. მსახიობი, ცეკვის მასწავლებელი და ქორეოგრაფი ნაზო კერძო სექტორის წარმომადგენელია და თვლის, რომ არსებული ადგილობრივი პირობები ზიანს აყენებს ადამიანებს.  „წყლის მიწოდება უმთავრესი პრობლემაა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს“, ამბობს ის.  „ჩვენთვის წყლის ძირითადი რესურსი მთის წყაროებია, რომლებიც ზაფხულში გაზრდილი მოხმარებისა და სიცხის გამო შრება და რეალურად ისიც კი არ ვიცი უსაფრთხოა თუ არა დასალევად. აუცილებელია მაღალი ტევადობის წყალსაცავი“. დამატებითი პრობლემებია ნარჩენების მართვა და ქუჩის განათება. „ხშირად ნაგავი მდინარის სანაპიროზე გროვდება. ადრე ის იწვებოდა, თუმცა ახლა ეს აკრძალულია. გვესაჭიროება ნარჩენების შეგროვება და სანაგვე ურნები“, ამბობს ნაზო. „ჩვენ, საბჭოს წევრები უნდა ვიყოთ აქტიურები, დისციპლინირებულები, პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის არჩევანს და სამართლიანები ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებისას... მოსახლეობა უნდა გვენდობოდეს და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დაუღალავად იმისათვის, რომ დავიმსახუროთ და შევინარჩუნოთ ეს ნდობა“.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა გაგრძელდება მარტში, როდესაც LAG იმუშავებს სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე და დოკუმენტის საბოლოოდ შემუშავებაზე.  

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის მესამე  ფაზის ფარგლებში   და მას ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და თუშეთის განვითარების ფონდი.
 
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge