ახმეტის მაცხოვრებლები თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომებს ეცნობიან

ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ორდღიან ტრენინგს ადგილობრივი თემის 65-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო
ახმეტა. 26-29 ნოემბერი 2019 – 65-ზე მეტმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში გამართულ ორდღიან ტრენინგში თემაზე „LEADER-თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომები (CLLD)“. ტრენინგი ორგანიზებული იყო  პროექტის „ინკლუზიური და თამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის LEADER-CLLD ძირითადი პრინციპების გაცნობას, მათ შორის აღნიშნული მეთოდოლოგიის ინდივიდუალური კონტექსტის გათვალისწინებით გამოყენებას და დანერგვას.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს საფუძვლიანი ინფორმაცია ლიეტუვას საერთაშორისო ექსპერტ ლინა გუმბრიავიჩინესგან,  ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნის პროცესისა და მართვის მოდელის შესახებ, მათ შორის წესდების შემუშავების, საბჭოს სტრუქტურისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ჩათვლით. მათ ასევე გაიგეს LAG–ის განვითარებაში არსებული გამოწვევების შესახებ. კითხვა-პასუხის სესიის დროს, დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს ევროპულ LAG–ებში გრანტების მოპოვებისა და მონიტორინგისა და შეფასების დროს. 
ტრენინგებზე შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე მონაწილეები, რათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი იდეები და შეხედულება სემინარებისა და ჯგუფური საქმიანობების საშუალებით. ირლანდიის და ლიეტუვას თემებსა და სოფლებში განხორციელებული მსგავსი პროექტების წარმატებების გაზიარებამ, კარგად დაანახა მონაწილეებს ის შედეგები, რისი მიღწევაც შესაძლებელია თემზე დაფუძნებული ადგილობრივი თანამშრომლობით, თავდაუზოგავი შრომით და ფინანსური დახმარებით. მონაწილეების ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა ძალიან იმედისმომცემი იყო. როგორც 23 წლის თუშმა ლევან გარსევანიძემ, ნიჭიერმა თვითნასწავლმა მხატვარმა, რომელიც მოხალისეობრივად მუშაობს მისი თემის თანატოლებთან თქვა: „მე მსურს პოზიტიური ცვლილების თანამონაწილე ვიყო და მჯერა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. მუნიციპალიტეტში არ არის საკმარისი რესურსები ახალგაზრდების კულტურული და სპორტული საქმიანობებისთვის. მსურს მეტი გავიგო ახალი მიდგომის და გუნდური მუშაობის შესახებ,  ასევე იმაზეც, თუ როგორ შევიტანო ჩემი წვლილი თემის განვითარებაში.” ლევანი ბავშვობიდან მწყემსად მუშაობდა, აქვს სერთიფიკატები გრაფიკულ დიზაინსა და კერამიკაში, და მან, როგორც თვითნასწავლმა მხატვარმა, გამოავლინა თავისი უნარები ჯგუფური მუშაობის დროს და დაეხმარა ჯგუფებს პლაკატებისა და ლოგოების დიზაინის შექმნაში. 
ტრენინგს ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის  როგორც საჯარო და კერძო სექტორის, ასევე მრავალფეროვანი თემების წარმომადგენლები.  ესმა ბორჩაშვილი, 46 წლის ქისტი ქალი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა შვედეთის საბავშვო ბაღში დამხმარე პერსონალად, ჯერ კარგად არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ როლზე, თუმცა ამბობს: „მე ძალიან მაინტერესებს და იმედი მაქვს, რომ LAG- ში გაწევრიანება მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო თემის განვითარების პროცეში“. მაშინ, როდესაც 31 წლის დავით აბულაძე, მერიის ადმინისტრატორი, რომელსაც სურს LAG– ში გაწევრიანება, იმედოვნებს, რომ ეს ტრენინგები საშუალებას მისცემს მას მოახდინოს „ეფექტური და დადებითი გავლენა მუნიციპალიტეტზე“.
პროექტი მიზნად ისახავს ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობის წახალისებას, ადგილობრივი განვითარების დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს არა ერთი მუნიციპალიტეტის მსგავსად, ახმეტაშიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ბევრი ადამიანი ტოვებს რეგიონს და სამუშაოს მოსაძებნად თბილისში ან მის ფარგლებს გარეთ გადადის. 20 წლის ქეთი ძარგუაშვილმა, რომელიც ტურიზმს სწავლობს, განაცხადა, რომ LAG- ის ტრენინგზე მოვიდა, რადგან „ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტოვებს რეგიონს და მსურს მეტ ახალგაზრდას გავუზარდო მოტივაცია დარჩნენ ადგილზე“.
ტრენინგს ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც უკვე წამოიწყეს ინიციატივები, და იმედოვნებენ, რომ ეს ინიციატივები პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს მათ თემებს. 33 წლის ნონა მთიულიშვილმა ახლახან დააფუძნა საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის” და ცდილობს დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თემში, ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით. ტრენინგზე საუბრისას მან თქვა: „მე მიყვარს ჯგუფური საქმიანობა, გამოცდილების გაზიარება და ვცდილობ სიტუაციის გაუმჯობესებას ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებით“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის მესამე  ფაზის ფარგლებში და მას ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და თუშეთის განვითარების ფონდი.
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge