ქალთა ლიდერობის ტრეინინგი ახმეტაში

მიმდინარე წლის 1-3 აგვისტოს ორგანიზაციების:Action Against Hunger და „კახეთის რეგიონალური განვითრების ფონდი“, ხელშეწყობით გაიმართა 3 დღიანი ტრენინგი ქალებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან. ტრენინგის მთავარი თემა იყო ლიდერობა, თუმცა ამავდროულად, ტრენინგზე განიხილეს არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ჩართულობა და აქტიური მოქალაქეობა, პროექტის წერის უნარები,  ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც პრეზენტაციებს, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს.  

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 16-მა ქალმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან: ქისტაური, ზემო ალვანი, ქვემო ალვანი, მატანი, საკობიანო, ბირკიანი, ომალო, დუისი და ახმეტა. ტრენინგის დღის წესრიგი განისაზღვრა თავად მონაწილეების  მიერ პირველი სესიის განმავლობაში და ის მორგებული იყო მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ტრეინინგის ჩატარების მეთოდოლოგიის  ინტერაქტიული სტილი შენარჩუნებული იყო სესიების განმავლობაში.  მონაწილეებისთვის ტრენინგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მათ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თემზე დაფუძნებულ ადგილობრივი განვითარების პროცესს, რომელიც წარმოადგენს ENPARD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის -„ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება ახმეტის მუნიციპალიტეტში“  ერთ-ერთ ძირითად ელემენტს.   

ქალთა ლიდერობის ტრენინგი ჩატარდა პროექტის საწყის ეტაპზე, მაშინ როცა ახმეტის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთათვის დაიწყო განაცხადების მიღება ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში (LAG) გაწევრიანებისთვის. ეს ჯგუფი იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო პროექტში, რომლის მიზანია ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 აგვისტო.  

სოფლის განვითარებას მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში და მთავარ როლს ასრულებს  დასაქმებისა და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და სოფლის მეურნეობისადმი  გადაჭარბებული დამოკიდებულების აღმოფხვრაში.  

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge